<aside> 📜

9 აპრილის ტრაგედიის შემდგომ დღეებში მეგობრების ჯგუფმა გადაწყვიტა, მოეძებნა ამ ღამის თვითმხილველები და მოეგროვებინა მათი ჩვენებები. მსგავსი წერილების საფუძველზე ამ ღამის ისტორია ერთიან ანგარიშად შეიკრა და ელდარ შენგელაიამ, უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა, და ანატოლი სობჩაკმა უმაღლესი საბჭოს წინაშე გააშუქეს. ამის შემდეგ შეიქმნა ე.წ. სობჩაკის კომისია და გამოძიებაც დაიწყო. კონკრეტულად ეს წერილები, წესით, აქამდე არ გასაჯაროვებულა.

</aside>

<aside> ℹ️

ქვემოთ აკრეფილია წერილების ნაწილი, მათ შორის ზოგი — არასრულად. წერილების სრული, დასკანირებული ვერსია ატვირთულია ამ ვებგვერდის ბოლოში. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავად დაამუშავოს და გააშუქოს მასალა. წერილის ავტორების იდენტიფიცირება და მათთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ, ამიტომ ქვემოთ მოცემულია მხოლოდ მათი ინიციალები.

</aside>

რ.ს. [არასრული წერილი]

1989 წლის 9 აპრილის საბედისწერო ღამეს მთავრობის სასახლესთან ხალხის ხოცვა-ჟლეტის სამარცხვინო აქტის მომსწრე გახლავართ და მოგახსენებთ ყველაფერს, რაც ჩემი თვალით ვნახე.

8 აპრილის საღამოდან იქ ვიყავი და მიტინგის მსვლელობას ვესწრებოდი, სადაც, მიუხედავად ხალხმრავლობისა, განსაკუთრებული წესრიგი სუფევდა. ხალხი აღტაცებული უსმენდა ერის საუკეთესო მოწინავე ინტელიგენციის, ხელოვნების მუშაკების, მწერლების, უნივერსიტეტის პროფესორების გამოსვლას, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მიტინგის ორგანიზატორებთან ერთად და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ასეთი კეთილგანწყობა, ურთიერთდამოკიდებულება ხალხსა და მიტინგიორებსა, თუ თვით იქ მყოფ ადამიანებს შორის ერთსულოვნების დიდი მაგალითი იყო. ყველას ესმოდა ერთმანეთის, გვიყვარდა ერთმანეთი, ვუსმენდით, პატივს ვცემდით ერთმანეთს. არც უცხოობა არ არსებობდა, არც ორი აზრი არ არსებობდა. მთელი ეს მასა ხალხისა ერთი სუნთქვით სუნთქავდა. არავის არ უნდოდა, დაეტოვებინა იქაურობა. ჩემთვის გასაოცარი იყო ასეთი ერთსულოვნება, რაც სამწუხაროდ უცხო იყო საერთოდ თუ ამ ბოლო დროს ქართველთათვის. მერე მივხვდი (როცა ყველაფერმა ჩაიარა), რომ ხალხს ისე მონატრებოდა სიყვარული ერთმანეთისა, სითბო, ერთად დგომა და ერთი რწმენა, რომ არანაირ ძალას არ შეეძლო მათი დაშლა, მათი დარბევა. მტკიცედ მწამს, რომ არ იყო იქ ერთი ადამიანი, თუნდ შემთხვევით მოსული, ვისაც სურდა ან შეეძლო იქედან წასვლა. როგორი ხატოვანი და ფარდოვანი გამოთქმებიც არ უნდა მოვიშველიო, იმ ამაღლებული განწყობილების გადმოცემას მაინც ვერ მოვახერხებ, რაც იქ სუფევდა და მე ბედნიერი ვარ, რომ ეს პირადად განვიცადე.

წამოსულმა წვიმამ მთლად ერთ მუშტად შეკრა ხალხი.

ილია II-ის განცხადება უცხო არ ყოფილა ჩვენთვის, რადგან დილიდან უკვე ჩანდნენ ტანკები ქალაქში და ველოდით, რომ „რაღაც“ მოხდებოდა, მაგრამ ზუსტად რა, ალბათ, არავინ იცოდა. იცოდა კი არა, თვითეულის წარმოდგენასაც აღემატებოდა.

აღმოვჩნდი პირისპირ ჯარის წინაშე, მაგრამ შიშის გრძნობა მაშინ კიდევ სად იყო. ეს ახლა გაჩნდა, როცა ყველაფერმა ჩაიარა და მივხვდი, რა ბარბაროსებს დავაღწიე თავი. მოდიოდნენ, ნიჩბებს გამეტებით იქნევდნენ (თავიდან მეგონა, ხალხის დასაფანტავად), არაადამიანური სახეები ჰქონდათ, სალანძღავ სიტყვებს ისროდნენ. ხალხს სცემდნენ მთელი ძალით. ვინც ზემოთ შემაღლებაზე იდგა, ზემოთ ბუჩქებში დაიწყო გადაძრომა და ჩამალვა და ზღაპრებში რომ ხდება, თითქოს მიწიდან ამოძვრნენო, იქაც დახვდნენ და ჩეჩქვავდნენ.

ეს იყო გამძვინვარებული (ვინ იცის, რა სახით) დამსჯელი სპეციალური მომზადებული ჯგუფი, რეციდივისტებთან ან განსაკუთრებული შეიარაღებული ძალების წინაშე რომ იყენებენ. დარწმუნებული ვარ, ისინი განწყობილები იყვნენ, რომ მოდიოდნენ დაუძინებელ მტერზე საჟლეტად. აღგზნებულნი იყვნენ. დაწითლებულები.

აღმაშფოთებელია, რომ ექსტრემისტების ჯგუფს დაბრალდა ხალხის ჟლეტა და პირიქით, თურმე უიარაღო სამხედროებზე თავდასხმა. რას ნიშნავს ექსტრემისტული ჯგუფები, ასე ხშირად რომ გაიძახიან და ხელს აწმენდენ. ვიმეორებ ხაზგასმით, რომ იქ ასეთი არავინ არ ყოფილა. პირიქით, მიტინგის ორგანიზატორები წესრიგისკენ და მშვიდობისკენ მოუწოდებდნენ ყველას.

მე არ მჯერა იმ პარტიისა და მთავრობისა, ვინც ძალისა და იარაღის გამოყენებით სურს დაიმორჩილოს და გაიყოლიოს ხალხი. მწამს, სიმართლე გაიმარჯვებს.

ყველანაირად ვეცადე, დამეწერა მშრალად და ემოციების გავლენისგან გავთავისუფლებულიყავი.

მოქ. რ. ს., პატარძეულის სამუსიკო სკოლის პედაგოგი.

ნ. დ. [არასრული წერილი]

დაახლოებით 3 სთ 45 წთ-ზე გაისმა მიკროფონში — მეგობრებო! ჩვენთანაა უწმინდესი. მის მობრძანებამდე ნახევარი საათით ადრე შხაპუნა წვიმა წამოვიდა, რის გამოც მიტინგის გარკვეულმა ნაწილმა სახლებს მიაშურა. სამარისებურმა სიჩუმემ მოიცვა ყველაფერი, ჩვეული სიდინჯით დაიწყო კათალიკოსმა. მაშინვე გადაიღო წვიმამ, გავოცდით. ასეთ წვრილმანებს იმიტომ ვწერ, რომ დარწმუნდნენ, რაოდენ დეტალებში ვცდილობ ყველაფრის მოყოლას.

ტევა არ იყო, ვერ ვიტყვი რამდენი ათასი კაცი უსმენდა პატრიარქს, როდესაც უწმინდესმა დაამთავრა ლოცვა — მუხლმოყრილები წამოვდექით. მან განაგრძო — შვილებო, მე ინფორმირებული ვარ, რომ რამოდენიმე წუთში აქ უნდა შემოვიდნენ ტანკები, წამომყევით სიონში, იქ ვილოცოთ ერისთვის, სამშობლოსთვის. ისევ დუმილი ჩამოვარდა. მიტინგის მასიდან გაისმა შეძახილები — თუ სიკვდილი გვიწერია, აქ შევხვდებით მას! უწმინდესს აღარაფერი უთქვამს.

სიტყვა ირაკლი წერეთელმა ჩამოართვა — მეგობრებო, რადგან ტანკების შემოსვლა გარდაუვალი ყოფილა, გთხოვთ ქალებმა დატოვოთ მიტინგი ან შეაფაროთ თავი მხატვრის სახლს და ქაშუეთს! გავათავისუფლოთ მანქანის სავალი გზა! გავატაროთ ტანკები! არ წამოვეგოთ არავითარ პროვოკაციას! რომ გაგარტყან კიდეც, ხელი არ შეუბრუნოთ! ხალხი ელოდა ტანკებს და გარინდებული იდგა, არცერთ ქალს არ დაუტოვებია მიტინგი.

ამ დროს უსინათლოთა საზოგადოების მომღერლებმა ისეთი გულამაჩუყებელი სიმღერა დაიწყეს ფანდურზე, ბრძოლაში მიმავალი ქართველები რომ მღეროდნენ ხოლმე. სიმღერა მიტინგმა აიტაცა. სწორედ ამ დროს ჩემს გვერდით მდგომმა მაღალმა ყმაწვილმა, რომელიც ლენინის მოედნისკენ იცქირებოდა – მოდიანო, სთქვა. მოუსვენრობა დამეტყო, უნებლიედ უკან მოვიხედე, კინოთეატრ „რუსთაველის“ წინ აღმოვჩნდი. დირექტორს, ბატონ ნუგზარ ასათიანს, ყველა კარები გაეღო ფართეთ. ალბათ გული უგრძნობდა. თუ არა მისი კარები, ვინ იცის, რამდენით მეტ გვამს დაითვლიდნენ მორგში.

ლენინის მოედნიდან ჩვენკენ წამოვიდა ანთებული პროჟექტორები ხმაურით. ჯერ ტანკებმა ჩაიარეს, მერე გამოჩნდა საოცარი მოძრავი რკინის კედელი, წინ ენერგიულად მომავალი, ერთმანეთის გვერდით მჭიდროთ ჩამდგარი „წესრიგის დამცველნი" თავზე რკინის კასკებით. მათ უკან სახანძრო მანქანები რომ გამოჩნდა, წყლით დაშლიან-თქო გავიფიქრე და ცოტა დავმშვიდდი, მაგრამ პროჟექტორების შუქზე მინი ნიჩბები, ლაპატკები აპრიალდა. განწირული ხმით დავიყვირე, ხალხო! შემოდით კინოთეატრში.

იქ უკუნეთივით ბნელოდა, მაგრამ ორიენტაციით ვგრძნობდი, საით უნდა წავსულიყავი. მე წყვდიადში მიუძღვოდი ხალხს მეორე სართულისაკენ, სადაც ქუჩიდან შემოსული შუქი საკმარისად ანათებდა. მივაწყდით კარებს, აივანზე გვინდოდა გასვლა, მაგრამ კარები ჩაკეტილი აღმოჩნდა. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ხალხი ბევრი იყო და გაქცევა ძალიანაც რომ სდომოდათ, ვერ მოასწრებდნენ. „წესრიგის დამცველების” უკან მომავალი სახანძრო მანქანები, რომლის იმედი ასე ძალიან მქონდა, თურმე ჯალათების მიერ დაჩეხილი ბავშვების სისხლის გასარეცხად მოსდევდნენ უკან.