საქსტატის საიტზე მოცემულია შემდეგი მონაცემები:
- მიგრაციული სალდო 1994-2023 წლებში;
- 2012-2023 წლებში ემიგრანტებისა და იმიგრანტების რაოდენობა სქესისა და მოქალაქეობის მიხედვით.
საქსტატის 2012 წლიდან მიგრანტების რაოდენობას განსაზღვრავს საზღვრის კვეთის სტატისტიკაზე დაყრდნობით, რომელსაც მას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწვდის. ის ემიგრანტს განსაზღვრავს ასე:
„ემიგრანტია პირი, რომელმაც დატოვა საქართველო და ბოლო 12 თვის განმავლობაში სულ მცირე 183 დღით (შესაძლებელია ეს იყოს რამდენიმე გასვლის კუმულაციური ჯამი) იმყოფებოდა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო საქართველო იყო მისთვის მუდმივი საცხოვრებელი ქვეყანა (ე.ი. მას ქვეყნიდან გასვლამდე წინა 12 თვეში საქართველოში გატარებული ჰქონდა სულ მცირე 183 დღე).”
2012 წლამდე საქსტატი ემიგრანტების რაოდენობის გამოსათვლელად ეყრდნობოდა საზღვრის კვეთის მონაცემებს. ის არ ეყრდნობოდა ზემოთ მოცემულ განმარტებას. ის ითვლიდან ქვეყნიდან გასულებისა და შემოსულების რაოდენობას, შემდეგ კი მათემატიკური მოდელების მეშვეობით ადგენდა მიგრაციულ სალდოს.
როგორ გამოვთვალეთ, ჯამში დაახლოებით რამდენი ქართველი ემიგრანტია დღეს მსოფლიოში
- 2012-2023 წლებში ქვეყნიდან გასულ (და ემიგრანტად წოდებულ) საქართველოს მოქალაქეებს გამოვაკელით შემოსული (იმიგრანტად წოდებული) საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა;
- 1994-2012 წლების მიგრაციული სალდოს სტატისტიკით გამოვთვალეთ, რამდენით მეტი ადამიანი გავიდა ამ წლებში, ვიდრე შემოვიდა. 2012-2023 წლებში გასული მოქალაქეების 72% საქართველოს მოქალაქეა. ამიტომ დავუშვით, რომ 1994-2012 წლებშიც გასულთა დაახლოებით 72%-იც საქართველოს მოქალაქე იქნებოდა;
- შესაბამისად, დაახლოებით ვივარაუდეთ, 1994-2023 წლებში თითოეულ წელს დაახლოებით რამდენით მეტი საქართველოს მოქალაქე გავიდა სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად, ვიდრე შემოვიდა;
- თითოეული წლის მსოფლიო სიკვდილიანობის მაჩვენებლით გამოვთვალეთ, მათგან რა ნაწილი დაიღუპებოდა (სავარაუდოდ, დაიღუპა ნაკლები, რადგან ქვეყნები, სადაც ქართველები ემიგრირდებიან, სიკვდილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებლით გამოირჩევიან);
- ასე დავადგინეთ, რომ უცხოეთში დღეს ცხოვრობს დაახლოებით 1 183 916 ადამიანი, რომელიც ქვეყნიდან გასვლისას საქართველოს მოქალაქე იყო. ჩვენ არ ვიცით, მათგან რა ნაწილს აქვს შენარჩუნებული მოქალაქეობა.
შენიშვნები:
*საბჭოთა კავშირის 1989 წლის აღწერის მიხედვით, საქართველოში 5,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. სავარაუდოდ, ყველაზე დიდი გადინება 1994 წლამდე მოხდა, თუმცა მონაცემები მხოლოდ 1994 წლიდან გროვდება.